27 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ტრამპი და მისი გარემოცვა ზეწოლას ახდენდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო მოხელეებზე - ახალი დეტალები კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ

კონგრესში ქვედა პალატის საგამოძიებო კომიტეტის მოსმენა გაიმართა. მთავარი თემა კაპიტოლიუმზე წლის დასაწყისში მომხდარი თავდასხმა იყო. ცნობილი გახდა ახალი სამხილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ტრამპი და მისი გარემოცვის წევრები ზეწოლას ახდენდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო მოხელეებზე. კომიტეტის ინფორმაციით, ტრამპის გეგმას, არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ხელს უწყობდა კონგრესის 2 რესპუბლიკელი წევრიც.

კონგრესის ქვედა პალატის საგამოძიებო კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მოვლენებს იკვლევს, ცნობილი გახდა, რომ ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა, მერყევი შტატების რესპუბლიკელ ხელმძღვანელებსა და საარჩევნო ადმინისტრაციების მოხელეებზე ზეწოლას ახდენდნენ. ახალი სამხილები საგამოძიებო კომიტეტის მეოთხე მოსმენაზე გაახმაურეს. წინა მოსმენა, ძირითადად, ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე ახდენდა ზეწოლას, რათა მას არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება არ დაემტკიცებინა.

"რაც მაიკ პენსთან დაკავშირებით მოხდა, არჩევნების გასაუქმებლად დონალდ ტრამპის გეგმის იზოლირებული ნაწილი არ ყოფილა. სინამდვილეში, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა, რომ მათ დადებული ფიცისთვის ეღალატათ, ამ გეგმის ფუნდამენტური ნაწილი იყო,"-აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ბენი ტომპსონი. 

"ბატონ ტრამპს უთხრეს მრჩევლებმა, რომ მოპარული არჩევნების შესახებ განცხადებებს საფუძველი არ ჰქონდა. თუმცა ის აგრძელებდა ზეწოლას შტატის მოხელეებზე, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალა,"-აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიზ ჩეინი.

კომიტეტის მიერ მოპოვებული ფაქტებით, ზეწოლას ჰქონდა ადგილი ჯორჯიაში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმა აქვს. ასევე არიზონაში - კოლეგიის ამომრჩეველთა 11 ხმით. გეგმა, არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ჯერ კიდევ კაპიტოლიუმში შეჭრამდე იყო მომზადებული.

არიზონის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა უთხრა კანონმდებლებს, თუ როგორ ცდილობდნენ მის დარწმუნებას ტრამპი და ჯულიანი, რომ შტატში არჩევნები გაყალბდა და ხმა არალეგალმა იმიგრანტებმა და მკვდარმა სულებმა მისცეს. სპიკერმა გაიხსენა ტრამპის იურისტის, ჯონ ისთმანის სატელეფონო ზარიც.

"ვკითხე, რის გაკეთებას მთხოვდა. მან მიპასუხა, რომ მემოქმედა და დანარჩენს სასამართლო მოაგვარებდა. ვუთხარი, რომ მთხოვდა იმის გაკეთებას, რაც არასოდეს გაკეთებულა შეერთებული შტატების ისტორიაში,"- აცხადებს არიზონის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რასთი ბოუერსი

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს ტრამპი სთხოვდა, მოეძიებინა 11780 ხმა, რათა ბაიდენის შედეგისთვის გადაესწრო. თუმცა ჯორჯიაში არარეგისტრირებული ამომრჩევლების და არასრულწლოვანთა ხმები საერთოდ არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ საჯარო მოხელის ოჯახზე ზეწოლა დაიწყო.

"იყო უამრავი მუქარა. მისურვებდნენ სიკვდილს. მეუბნებოდნენ, რომ დედაჩემთან ერთად დამაპატიმრებდნენ და მოხარული უნდა ვიყო, რომ 2020 წელია და არა 1920,"-აცხადებს ფულტონის საგრაფოს საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი შეი მოსი.

"ვეღარსად ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. იცით, რა გრძნობაა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამიზნე ხარ? პრეზიდენტი თითოეულ ამერიკელს უნდა წარმოადგენდეს და მიზანში არავის იღებდეს,"-აცხადებს ფულტონის საგრაფოს საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი რუბი ფრიმანი

სხდომაზე თქვეს, რომ მერყევი შტატების ადამინისტრაციებზე ზეწოლის გარდა, ტრამპის და მისი გარემოცვის გეგმის ნაწილი იყო საარჩევნო კოლეგიის კანონიერი ამომრჩეველების ყალბი ამომრჩევლებით შეცვლა, რათა საბოლოოდ, ბაიდენის გამარჯვება არ დაემტკიცებინათ. კომიტეტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტრამპის გეგმას, არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ხელს კონგრესის 2 რესპუბლიკელი წევრიც უწყობდა.

ცნობისთვის,2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის სენატს და წარმომადგენელთა პალატას ერთობლივ სხდომაზე უნდა დაეთვალა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რაც იქნებოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დადასტურების საბოლოო ნაბიჯი. სხდომას უნდა გაძღოლოდა აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

5-6 იანვარს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა მოეთხოვათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების უარყოფა კონგრესისგან.

დღის ამბები