21 წელი ბრიტანელი ტურისტის მკვლელობისთვის - გორის რაიონულმა სასამართლომ თომას კენედის სასტიკი მკვლელობის საქმეზე 5 პირი გაასამართლა.
ყველაზე დიდი სასჯელი დანაშაულის უშუალო სამ შემსრულებელს განესაზღვრა. გიორგი ბალაშვილი -21 წელი, გიორგი ქარელი -20, ასევე, 20 წელი მიესაჯა ზურაბ ფალავანდიშვილს. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო არასრულწლოვანიც, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა.
"კურიერმა" დღეს საქმის მასალებში არსებული ვიდეო-მტკიცებულებაც მოიპოვა, სადაც თომას კენედის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია აღბეჭდილი. ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ჩანს, როგორ გაიცნო ტურისტმა გორში ადგილობრივი ქუჩის მუსიკოსები, რომლებმაც რამდენიმე საათში დააყაჩაღეს, სასტიკად სცემეს და მდინარეში გადააგდეს.
კენედიმ ახლადგაცნობილი მუსიკოსები ლუდზე ბარში დაპატიჟა. გამოძიების ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიგეგმა უცხოელი ახალგაზრდის დაყაჩაღებაც. ტურისტი რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაიტყუეს, ტელეფონი და საბანკო ბარათი წაართვეს და სასტიკად ნაცემი ხიდიდან გადააგდეს. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბრალდებულები დანაშაულის ადგილს. რამდენიმე წუთში კი, მოპარული ბარათით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე ძეხვს, პურს, სიგარეტს და სასმელს ყიდულობენ.
ის, რომ 140-მდე დაზიანებით, სასტიკად ნაცემი ტურისტი მსჯავრდებულებმა მდინარეში ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს, დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, სადაც გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია - წყალში დახრჩობა სახელდება.
"კურიერთან" დღეს პირველი კომენტარი გააკეთა მოკლულის ძმამაც, ჯეიმს კენედი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
"ბოროტ არსებებს, რომლებმაც წაგვართვეს ჩვენი ტომასი, მაქსიმალური სასჯელი მიესაჯათ. ეს ჩვენი მოთხოვნა იყო. თუმცა ეს აუტანელი ტკივილი სულ დაგვრჩება. თომასი იყო ყველაზე მოსიყვარულე და საოცარი ბიჭი. ტომი საქართველოში წავიდა ქვეყნის ისტორიის გასაცნობად.მან უამბო მეგობრებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებსაც მოგზაურობის დროს შეხვდა, ის დარჩა თბილისში. ამბობდა, რომ იქ ხალხი მეგობრული და ნამდვილი იყო," - განაცხადა მოკლულის ძმამ.