27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ორი დღე ევროკავშირის გადამწყვეტ სამიტამდე და თბილისი, კიევი და კიშინიოვი პასუხის მოლოდინში - რა ჩაიწერება ახალ რეზოლუციაში

ევროკავშირის გადამწყვეტ სამიტამდე ორი დღე რჩება, სწორედ 23-24 ივნისს გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის 27 ლიდერი იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით სამ ასოცირებულ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე გასცა. ბრიუსელში უკვე კეთდება წინასწარი პროგნოზებიც.

სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასოცირებულ ტრიოს საბოლოო პასუხს გასცემენ, ევროპარლამენტში ხვალ დებატებიც გაიმართება, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი რეზოლუცია იქნება მიღებული.

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები მიადევნებენ თვალს და დააჩქარებენ პროცესებს, რათა სიტუაცია იქნეს გაუმჯობესებული და რეფორმები იყოს გატარებული,

"ჯერ კიდევ არის დიპლომატიის ადგილი, ჩვენ არ ვიხევთ უკან. იცით, რომ საქართველოს დიდი ხანია ვუჭერ მხარს და დიდი ხანია ჩართული ვარ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. მე მაშფოთებს გარკვეული თემები, მაგრამ ახლა გარდამტეხი მომენტია და მე ვითხოვ საქართველოსაც მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ახლა.

ჩვენ ვპირდებით ქართველებს, რომ მივადევნებთ თვალს, დავაჩქარებთ პროცესებს, რათა სიტუაცია იქნეს გაუმჯობესებული და რეფორმები იყოს გატარებული. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩემი აზრით, კომისიის მოსაზრება მთლიანობაში პოზიტიურია და ქართველებს აძლევს ევროპულ პერსპექტივასა და იმედს. დიახ, არის პირობები და ეს არის კომისიის აღქმა, ისე როგორც ევროპარლამენტარების უმრავლესობის. ვითარება საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ჩემი გულწრფელი მოსაზრებაა, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად უკეთესი გზა თავად მიერთების პროცესია. დიახ, ეს იქნება ჩემი მთავარი გზავნილი ხვალ, მიუხედავად შეშფოთებისა გარკვეულ საკითხებზე, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი კანდიდატობის სტატუსს რაც შეიძლება მალე, რადგან ახლა გამოწვევებით სავსე დროა,"- განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტის წევრი პეტრას ავსტრევიჩუსი თბილისში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უფრო აქტიურები იყვნენ.

"ხვალ ევროპარლამენტში დებატებია, რადგან ვემზადები შემდგომ დღეებში სამიტისთვის. საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის - უკრაინის, საქართველოს და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ვფიქრობ მიხდება დადასტურება კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებების. რეზოლუციაში საუბარი იქნება იმაზე რომ გაფართოების პოლიტიკას მივესალმებით, მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ამ მიმართულებით, ასევე მოვითხოვთ ვიყოთ უფრო გახსნილები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ. ეს იქნება ჩვენი გზავნილი. რაც შეეხება გუშინდელ აქციას თბილისში. ვფიქრობ საქართველოს ოცნება, ევროპის შესახებ კარგია. ეს ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. ეს გზავნილია მთავრობისთვისაც, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ. პირობები უკვე განსაზღვრულია. როცა მთავრობა პირობებს შეასრულებს, გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. კარი დახურული არ არის. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ.საქართველო აქედან ვერ გამოირიცხება, თუ თავად არ გარიცხავთ. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ დავალების შესრულებაში," - აღნიშნა პეტრას ავსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტის წევრი ვიტოლდ ვიშნიაკოვსკის თქმით, ქართველებს სურთ რომ ევროპის ნაწილი იყვნენ და ევროპამ შესაბამისად უნდა უპასუხონ:

"მე მხარს ვუჭერ სამივე ქვეყნისთვის, უკრაინისთვის, მოლოდოვასთვის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დარწმუნებული ვარ რომ ხვალ გზავნილი იგივე დარჩება. პოლონეთის გზავნილიც ეს არის . ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. სამივე ქვეყანამ თავის თავზე გადაიტანა იმპერიალისტი რუსეთის პოლიტიკა. თითოეული მათგანი იბრძოდა თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ გამბედაობა მივცეთ იმისთვის რომ რუსულ აგრესიას გაუმკლავდნენ. გუშინდელი აქცია ჩვენთვის ერთგვარი არგუმენტია, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ქართველებს სურთ, რომ ევროპის ნაწილი იყონ.ჩვენ კი მათ ამბიციურ სურვილს უნდა ვუპასუხოთ," - აღნიშნა ვიტოლდ ვიშნიაკოვსკიმ.

დღის ამბები