27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"ოცნება" ელენე ხოშტარიას მოსკოვიდან მიღებული ჰონორარების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს - დაინტერესდება თუ არა გამოძიება ხოშტარიას ოჯახისთვის გადმორიცხული თანხით

"ქართული ოცნება" ელენე ხოშტარიას მოსკოვიდან მიღებული ჰონორარების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს. მმართველ გუნდში ეჭვი აქვთ, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან მიღებული ფინანსებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსულ ინტერესებს ატარებს. ხოშტარიას უარის შემთხვევაში, "ოცნება" არ გამორიცხავს, რუსეთიდან მიღებული ფინანსებით ქართული საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

თავად ბრალდების ადრესატი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. "დროას" ლიდერი მოსკოვიდან მისი ოჯახისთვის გადმორიცხულ ჰონორარებზე დამატებითი განმარტებების გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა, მას დღეს ამისკენ ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილი ღიად მოუწოდებდა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიას დისკრედიტირება მიზანმიმართულად ხდება.

თუ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი რუსული ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაციას არ გაასაჯაროებს, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქმით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ხოშტარიების ოჯახის რუსულ კავშირებს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დუმილი, მორალურთან ერთად, სამართლებრივ ეჭვებსაც აჩენს.

ელენე ხოშტარიასგან მილიონობით რუბლისა და ათიათასობით დოლარის გადმორიცხვის შესახებ მეტ სიცხადეს ითხოვს მისი კოლეგების ნაწილიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სამემკვიდრეო ანაზღაურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასაკმარისია.

ხოშტარიების ოჯახის მიერ რუბლში მიღებულ ანაზღაურებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციის მეორე ნაწილი. მათი აზრით, საავტორო უფლებების დახმარებით მიღებულ თანხებზე საუბარი, ოპოზიციის მიზანმიმართული დისკრედიტირების მცდელობაა.

ოკუპანტი სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან შესრულებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საჯაროობა ამ შემთხვევაში თავად ელენე ხოშტარიას ინტერესებში შედის. კობახიძემ ოპონენტს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე მიღებულ თანხებზე ღიად საუბარი ურჩია. "ქართული ოცნების" ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ კულტურის საფარქვეშ, შესაძლოა, სპეცსამსახურებიც მოქმედებდნენ.

აპირებს თუ არა რუსული ტრანზაქციების გასაჯაროებას თავად ელენე ხოშტარია - ამ კითხვით დღეს "კურიერმა" თავად პოლიტიკოსს მიმართა. თუმცა, ბრალდებების მიუხედავად, "დროას" ლიდერი თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლის.

დღის ამბები