27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"აქციის მიზანია დავანახოთ მსოფლიოს, რომ ევროინტეგრაცია არა მცირე ჯგუფის, არამედ ქართველი ერის ურყევი ნებაა" - აქციაზე პოლიტიკოსების გამოსვლები არ იგეგმება

"შინ ევროპისკენ" - ზუსტად ორ საათში პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით აქციის მიზანი ხალხის ნების დემონსტრირება და იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს სურს ევროპა. როგორც წინასწარ ითქვა, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ სცენაზე არ ვიხილავთ პოლიტიკოსებს, იქნება ათამდე სიტყვით გამოსვლა, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების ვიდეო მიმართვები და ბოლოს მსვლელობა ევროპის მოედანზე. 

ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდის, "გჯეროდეს საქართველო" დამფუძნებელი, ანა ჭარხალაშვილი ამბობს, რომ ეს ისტორიული დღეა, როცა ყველა ერთიანდება და ესმის იდეის შინაარსი - წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ.

"დღეს არის ისტორიული მნიშვნელობის დღე, სადაც ყველა მოქალაქე ერთიანდება, რადგან თითოეულ ადამიანს ესმის იდეის შინაარსი - ეს არის ჩვენი ევროპული გზა, შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ, რაც არის ჩვენი დღევანდელი აქციის ლოზუნგი, ამ იდეის გარშემო გავერთიანდებით დღეს საქართველოს მოქალაქეები და ველოდი მსგავს აქტიურობას. ჩვენ თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან, ეს საქართველოს აქციაა," - თქვა ჭარხალაშვილმა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, დღევანდელი აქციის მიზანია მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ევროპაში ინტეგრაცია არა მცირე ჯგუფის არჩევანი, არამედ ქართველი ერის ურყევი ნებაა.

"დღევანდელ აქციას აქვს მთავარი მიზანი, თუნდაც მისია დავარქვათ, რომ მთელ მსოფლიოს, საქართველოს მეგობრებს, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ასევე მტრებსაც, დავანახოთ რომ ეს ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია არ არის მცირე ჯგუფის არჩევანი, არამედ ეს არის ქართველი ერის ურყევი ნება, ერთგვარი რეფერენდუმი დავარქვათ, დღესაც იქნება ამ ყველაფრის დადასტურება. საით უნდა წავიდეს პროცესი? - პროცესი უნდა წავიდეს ეროვნული თანხმობისკენ," - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ აქციის მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქართველებმა ვაჩვენოთ - გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი.

"მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქართველებმა ვაჩვენოთ - ბევრს გვინდა რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. თუ ვინმე იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი, არამხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურადაც, ეს არის საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე ყველაფერი გავიღეთ იმისთვის, რომ დაგვეცვა ევროპა," - აცხადებს ელისაშვილი.

დღის ამბები