რუსული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლის დამცველი "აზოვის" პოლკის მეთაურები, მოსკოვში "ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. "ТАСС "-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან, წყარომ მიაწოდა, რომელიც არ აკონკრეტებს თუ რომელ მეთაურებზეა საუბარი.
იგივე გამოცემა რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომ "აზოვის" მეთაურები რუსეთში, ე,წ საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაიყვანეს. მანამდე, "აზოვსტალის" დამცველები დონეცკის რეგიონში, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ
მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპატების მიერ რუსეთში გადაყვანილთა შორის არის "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (საძახისი "კალინა") და საზღვაო ქვეითების 36 - ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი (საძახისი "ვოლინა"). ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია "აზოვის" პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს (საძახისი "რედის") შესახებ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "აზოვსტალის" დატოვებისას "აზოვის" პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ თავისი მოვალეობები მაიორ ნიკიტა ნადტოჩის გადასცა.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფი 2439 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკოც, 2022 წლის 20 მაისს "ტყვედ ჩაბარდნენ". ამ პროცესს ოფიციალური კიევი ევაკუაციის ოპერაციას უწოდებს, რომელიც ადგილობრივი გარნიზონის გადარჩენის მიზნით ჩატარდა.
უკრაინა სამხედროების გაცვლის მოლოდინშია და აცხადებენ, რომ პროცესში გარანტორად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. გაცვლის შესაძლებლობას ბოლომდე არ გამორიცხავს რუსული მხარეც, თუმცა დრო და დრო ჩნდება მოთხოვნები, რომ უკრაინელი მებრძოლები სამხედრო ტრიბუნალის მეშვეობით უნდა დაისაჯონ იმ დანაშაულებისთვის, რაც რუსეთის მტკიცებით, დონეცკის რეგიონში და მარიუპოლში აქვთ ჩადენილი.
მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე - 12 - ე ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36 - ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.
17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას, გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდეგ კი უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს.