ოკუპანტების ტყვიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ალუდა ზვიადაურს სევეროდონეცკის მიმდებარედ, ზურგში იმ დროს ესროლეს, როდესაც ტერიტორიიდან დაჭრილი თანამებრძოლები გაჰყავდა. დაღუპული მებრძოლის ნათესავები ამბობენ, რომ 42 წლის მეომარი ესტონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. უკრაინაში გადასვლისა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შესახებ კი ინფორმაცია მაშინ გაიგეს, როდესაც ალუდა ზვიადაური ფრონტის ხაზზე იყო.
ქართველმა მებრძოლმა უკრაინაში ჩასვლისა და საომარ ვითარებაში ჩართვის გადაწყვეტილება მარტში მიიღო. ალუდა ზვიადაურის მეგობრების ინფორმაციით, მათთან კომუნიკაციის დროს, მეომარი ყოველთვის ამბობდა, რომ მოძმე ერის მშვიდობის დაცვით, ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდა.
"კურიერი" უკრაინაში, საქართველოს ელჩს ესაუბრა. როგორც გიორგი ზაქარეიშვილი ამბობს, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს მოხერხდება. ამ დროისთვის ქართველი მეომრის თანამებრძოლები ცდილობენ ალუდა ზვიადაური დნეპრში გადაასვენონ, რის შემდეგაც პროცესში საქართველოს საელჩო ჩაერთვება.
პუტინის ომს უკრაინის ტერიტორიაზე, თებერვლიდან ამ დრომდე 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. ალუდა ზვიადაურს სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.