ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი "კურიერს" უდასტურებს, რომ მოხუცის მიმართ დამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები შევიდნენ ვარკეთილის დასახლებაში მდებარე კერძო პანსიონატში. "ჩემი ტკბილი სიბერე" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, სადაც მოხუცები დაბმული ჰყავდათ.
მოხუცების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, გამოძიება "რუსთავი2" - ის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. კადრები გადაცემა "ღამის პრაიმტაიმმა" გაასაჯაროვა. ჩანაწერში კარგად ჩანს საწოლზე ხელფეხშეკრული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ქალი, რომელიც, როგორც გაირკვა, მალევე გარდაიცვალა.
საქმეზე ეფექტური და დროული გამოძიების იმედი აქვთ უფლებადამცველებს. ამბობენ, რომ ამ უმძიმეს ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავე პირის გამოვლენის, ისე მომავალში, მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით.
"რუსთავი2-ის" ეთერში გასაჯაროებული სავარაუდო დანაშაულის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიამ "კურიერს" დაუდასტურა, რომ ომბუდსმენის ოფისი ფაქტის მოკვლევას დაიწყებს.
"კურიერმა" იმ მოხუცის ოჯახთან სცადა დაკავშირება, რომელიც სავარაუდოდ კერძო პანსიონატში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ახლობლებისთვის ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა კამერის წინ საუბარი არ ისურვეს. გამოძიება 144 - ე მუხლით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს.