27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ახდენდა თუ არა ტრამპი ზეწოლას მაიკ პენსზე - კონგრესის ქვედა პალატის სპეციალური კომიტეტი კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეს იძიებს

კონგრესის ქვედა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 6 იანვარს, კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეთა შეჭრის მოვლენებს იძიებს, მოსმენის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ფაქტს დაუთმო, თუ როგორ ახდენდა ტრამპი ზეწოლას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება არ დაემტკიცებინა ან შეეფერხებინა. კომიტეტის ხელმძღვანელმა მოსმენაზე განაცხადა, რომ ამერიკული დემოკრატია კატასტროფას სახიფათოდ მიუახლოვდა.

საგამოძიებო კომიტეტი ცდილობს სწორედ მაიკ პენსზე განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშიროს იმ ძალადობრივი მოვლენის განვითარება, რომელსაც კაპიტოლიუმის შენობაში ჰქონდა ადგილი. საქმე ის არის, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლშივე არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ არჩევნების შედეგების სერტიფიცირებაზე უარის თქმა არაკონსტიტუციური და ფედერალური კანონის დარღვევა იქნებოდა.

სხდომაზე მოწვეულ პენსის წარმომადგენელს კონგრესმენებმა ჰკითხეს, რა შედეგის მომტანი იქნებოდა ამერიკული დემოკრატიისთვის, თუ ვიცე-პრეზიდენტი გამარჯვებულად ტრამპს გამოაცხადებდა.

ყოფილმა ფედერალურმა მოსამართლემ, მაიკლ ლუთიგმა, რომელიც კომიტეტის მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები, ამერიკული დემოკრატიისთვის რეალურ საფრთხეს ისევ წარმოადგენენ. საკომიტეტო მოსმენებს გამოეხმაურა ფრიდომ ჰაუსი.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლებს ახლა აქვთ გადამწყვეტი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად მოწოდებულნი არიან შეცვალონ ამერიკის დემოკრატიული ვარდნა და მიიღონ საარჩევნო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად აუცილებელი ცვლილებები.


 

დღის ამბები