უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსეი დანილოვს მიხაილო პოდოლიაკისა და დავით არახამიას მიმართ პრეტენზიები აქვს. ამის შესახებ მან LIGA.net-თან ინტერვიუში ისაუბრა. დანილოვმა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სამხედრო შეიარაღებაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
"არ მესმის, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. გენერალური შტაბის წარმომადგენელია? მე ის მხოლოდ იანუკოვიჩთან მინახავს კუნძებზე. არ მესმის, როდის აქეთ არის ჯარის ხმა. ზალუჟნიმ, შაპტალამ და თავდაცვის მინისტრმა უნდა თქვას ასეთი რამ” – განაცხადა დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაღუპულების რაოდენობაზე საუბარს მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო იმ ფიგურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფრონტზე ყოველდღე 200, 300 და მეტი ადამიანი გვყავს დაღუპული და დაჭრილი. ზოგმა 1000-მდეც კი განაცხადა… მათ ასეთი ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ აქვთ... თქვენ უნდა იყოთ პასუხისმგებელი თქვენს სიტყვებზე და როდესაც დაღუპულებზე საუბრობთ, ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. ამით ჟონგლირება არ შეიძლება. ეს არ არის კეგლის თამაში და ეს არ არის ცირკი"- განაცხადა დანილოვმა. მას კონკრეტული პირები არ ჩამოუთვლია, თუმცა სწორედ მისი ინტერვიუს წინა დღეს, აშშ-ში ვიზიტისას დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში უკრაინის დანაკარგები დონბასში მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაღუპულთა და დაჭრილთა ყოველდღიური რაოდენობა 1000 კაცამდეა.