27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
​საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია - რა დათქმები უნდა შეასრულოს ქვეყანამ სტატუსის მისაღებად

ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტიდან პირველი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას ეხება. აქ არის მითითება, რომ დეპოლარიზაციისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს და ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის სახელით იცნობს.

შემდეგი და რიგით მეორე პუნქტი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას ეხება. აქ აღნიშნულია, რომ უნდა გაიზარდოს მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა. ამავე პუნქტში საუბარია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ მხრივ ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

შემდეგ მოდის პუნქტი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. აქ არაერთი რეკომენდაციაა. მათ შორის ის, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოს მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ამასთან, მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა ინიშნებოდნენ გამჭვირვალე პროცესის შედეგად. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალედ და ამასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში უნდა იყოს პარტიების ფართო ჩართულობა.

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება - ეს არის რეკომენდაციების შემდეგი პუნქტი, სადაც ვკითხულობთ, რომ ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული ელიტური კორუფციის შემთხვევები. ამასთან, უნდა გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურები. შესაბამისად, უნდა იყოს მიღწეული მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

შემდეგ პუნქტში ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანამ აიღოს და შეასრულოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება. აქვე არის განმარტება, რომ უნდა აღმოიფხვრას პირადი ინტერესების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენა.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ საკითხს ეხება შემდეგი პუნქტი. აქაც ნათქვამია, რომ პროცესში უნდა იგულისხმებოდეს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

შემდეგი და რიგით მე-7 პუნქტი ეხება მედიას და იმ სამართლებრივ დავებს, რომლებიც მედია ორგანიზაციების მფლობელებს უკავშირდება. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაგარემო. ხოლო მედიასაშუალებების მფლობელების შემთხვევევაში სამართლებრივი დავები წარიმართოს უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. აქვე ნახსენებია ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება.

მედიის შემდეგ მოდის მოწყვალი ჯგუფების უფლებების დაცვის პუნქტი. აქაც არის მოწოდება უმცირესობების უფლებების დასაცავად ძალისხმევის გაზრდისკენ და მოძალადეების მართლმსაჯულებაზე.

შემდეგი პუნქტი კი ეხება გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას. აღნიშნულია, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.

ევროკომისიის რეკომენდაციებში ხშირად არის ნახსენები გამჭვირვალობა და ზედამხედველობა. ასევე ერთ-ერთ ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვა.

რიგით 11-ე რეკომენდაციაში ევროკომისია კვლავ უბრუნდება სასამართლოს საკითხს. უფრო კონკრეტულად, აქ საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებაზე. რეკომენდაცია გულისხმობს იმგვარი კანონმდებლობის შექმნას, რომელიც პროაქტიულს გახდის ქართველი მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას.

და ბოლოს, რიგით 12-ე პუნქტი, რომელიც ეხება სახალხო დამცველის აპარატს. იმის გათვალისიწნებით, რომ ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე ვადა ეწურება და უნდა მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა - ევროკომისია გვირჩევს შერჩევის და დანიშვნის დროს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ხოლო სახალხო დამცველი და მისი აპარატი უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი გავლენისგან.

ეს არის სულ ორ გვერდიანი დოკუმენტი მკაფიოდ გაწერილი გზავნილებით. აქვე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკომისია თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციის შესრულებას თვალს 2022 წლის განმავლობაში მიადევნებს და წლის ბოლოს მათ შესახებ ხელახალ დასკვნას მოამზადებს.

დღის ამბები