27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"უნდა ვეძებოთ შეხების წერტილები, სწორედ ევროპაა ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს" - ევროპის მოედანზე გამართულ აქციას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც დაესწრო

ევროპის მოედანზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ აქციას  ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ჯობია შეხების წერტილები ვეძებოთ, რადგან სწორედ ევროპა არის ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს.

"ეს არის ჩვენი საუკუნოვანი არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენს ევროპელ ელჩებთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ნუ გავიყოფით, ვეძებოთ შეხების წერტილები, სწორედ ევროპა არის ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ," - აცხადებს ხაზარაძე.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოება შეიკრიბა იმ სურვილის და მოლოდინის გამოსახატად, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"სალომე ზურაბიშვილმა მოგვმართა, რომ შეხვედრაზე გიწვევთ ღია ცის ქვეშ ევროპოს მოედანზეო, მოვედით - ზოგი მოვიდა, ზოგი არ მოვიდა, ზოგი პარტიული, ზოგი უპარტიო. გამოიხატა კიდევ ერთხელ საქართველოს სურვილი, წყურვილი, იმედი, მოლოდინი, რომ უამრავი დათქმით, მაგრამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ," - აცხადებს ბერძენიშვილი.

დღის ამბები