27 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე დაიწყო - ალიანსის წევრების გარდა, მინისტერიალში ფინეთი, საქართველო, შვედეთი და უკრაინა მონაწილეობენ

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე დაიწყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა განცხადებები გააკეთეს. მინისტერიალში ნატოს წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთი, საქართველო, შვედეთი და უკრაინა მონაწილეობენ. დღეს ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა რუსეთთან მიმართებაში წარსულში ჩადენილ შეცდომებზე ისაუბრეს. ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის ფაბრიკისი ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიას დასავლეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი რომ მოჰყოლოდა, მოვლენებს მსგავსი განვითარება არ ექნებოდა.

"ბალტიის ქვეყნებისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. 2008 წელს რუსეთის საქართველოში აგრესიაზე სწორედ რომ მოვქცეულიყავით, შემდეგ არ მოხდებოდა ყირიმის ანექსია, ყირიმის ანექსიაზე სწორი პასუხი რომ გაგვეცა არ მოხდებოდა უკრაინაში ომი. ახალ სწორად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მომდევნო ომი ავიცილოთ თავიდან. უკრაინამ უნდა მოიგოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ეს ძალიან მარტივია. სხვა გზა არ არსებობს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ გაძლიერდება რუსეთის აქტივობები. საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან საფრთხე არ გამქრალა. ყველა ქვეყანა ვინც რუსეთთან ახლოსაა პოტენციური რისკის წინაშეა. სწორედ ამიტომ უნდათ შვედეთსა და ფინეთს გაწევრიანება.

დასავლეთ ფლანგზე არიან ქვეყნები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუ რაიმეს გავაკეთებთ რუსეთის პროვოცირებას გამოვიწვევთ და დიახ, მათ მართლაც გამოიწვიეს რუსეთი თავიანთი უმოქმედობით. ხალხი უკვე დაიღალა, მათ დასვენება და სიმშვიდე უნდათ. მათ არ ადარდებთ, ვინ არის დამნაშავე. მათ უნდათ გაზი, საკვები, მარცვლეული. თუ გინდა მჩაგვრელი და აგრესორი დაამარცხო, თვალებში უნდა ჩახედო და უთხრა, რომ უკან დაგახევინებთ. რაც შეეხება საქართველოს წევრობას, თუ მზად ხართ და დავალება შესრულებული გაქვთ, ცხადია ჩვენ მხარს დაგიჭერთ,"- აცხადებს არტის ფაბრიკასი.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია:

"ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის , ამისთვის კანადა ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს. მივესალმებით ასევე ფინეთისა და შვედეთის ინიციატივას ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინაში რუსეთის არალეგალურ შეჭრას ნატოს გაძლიერება მოყვა, რასაც პუტინი არ ელოდა. ალიანსი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვიდგებით პუტინის ომის წინააღმდეგ,"- აცხადებს კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდას. ამასთან ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ალიანსი მადრიდის სამიტისთვის ემზადება, რომელიც საკმაორ ტრანსფორმირებადი იქნება:

"მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას რომლის თანახმადაც ვაშინგტონი უკრაინას დახმარებას უზრდის, რადგან უკრაინას ახლა ნამდვილად სჭირდება ჩვენი დახმარება. თავდაცვის მინისტერიალის მთავრი გზავნილია, რომ ჩვენ მზად ვართ უკრაინას აღმოვუჩინოთ ხანგრძლივ ვადიანი არსებითი დახმარება. ჩვენ ვემზადებით მადრიდის სამიტისთვის, რომელიც საკმაოდ ტრანსფორმირებადი იქნება. ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გავაძლიეროთ ასეთ საშიშ მსოფლიოში ჩვენი თავდაცვა და შეკავების სტრატეგია. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინის დასახმარებლად ყოვლისმომცველ პაკეტზე, ასევე განვიხილავთ ნატოს მოდერნიზების გზებს, სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც რეალობასთან შესაბამისობაში იქნება, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებენ:

მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ჩვენს კოლეგებთან. მადლობა ბატონ სტოლტენბერგს, რომელიც ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ამ ალიანსის ძირეულ ღირებულებებზე. ეს კი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთი და შვედეთი ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებენ. ესენი არიან ძლიერი დემოკრატიები, რომლებიც მნიშვნელოვან ღირებულებებზე დგანან. იმედი მაქვს ისინი ალიანსში გაწევრიანდებიან,"- აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

დღის ამბები