სევეროდონეცკი შესაძლოა მეორე მარიუპოლი გახდეს, ქალაქში მდებარე ქიმიური ქარხანა აზოტი კი აზოვსტალი.
უკრაინელი სამხედროები ახლა სწორედ ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები და საოკუპაციო ძალას დარტყმებს, აქიდან აყენებენ. ხელჩართული ბრძოლა სევეროდონეცკის ასაღებად, ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელების მიერ ქალაქის გაწმენდას, რუსული არმიის საარტილერიო დარტყმები ართულებს.
სარაკეტო იერიშებმა სევეროდონეცკში მდებარე საცხოვრებელი სახლების უმეტესობა უკვე გაანადგურა, დიდია დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა, გადარჩენილების ევაკუაცია კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. გადარჩენას ახლა 10 ათასამდე ადამიანი ელოდება, რომლებიც უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგანან.
მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ხერსონშიც, რომლის გათავისუფლებას უკრაინელი სამხედროები ჯერ ვერ ახერხებენ. მუდმივი დარტყმის ქვეშ არის ხარკოვის ოლქიც.
საოკუპაციო ძალა ყოველდღე ბომბავს მიკოლაევს, საარტილერიო რაკეტები ძირითადად საცხოვრებელ სახლებს ხვდება, რის გამოც ყოველდღიურად იზრდება დაჭრილების რაოდენობა. დანაკარგებია უკრაინულ არმიაში, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთთან ერთი დღე ომი უკრაინას, ასიდან 200 - მდე ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად უჯდება.