27 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ნატოს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან, მათ შორისაა საქართველო - სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. ალიანსის გენმდივანმა უკვე გააკეთა პირველი განცხადებები. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური სივრცისთვის რუსეთის ომი უკრაინაში უდიდესი საფრთხეა და ასეთ დროს ნატო უფრო ძლიერი უნდა გახდეს, რათა მეტად დაუჭიროს მხარი პარტნიორებს.

"საქართველო მადრიდის სამიტზე მოწვეულია, იმისათვის რომ გვქონდეს სხვადასხვა ლიდერთან განხილვები. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი სოლიდარობის გამოხატულებაა და იმის, რომ საქართველო და ნატო ახლო პარტნიორები არიან.

უკრაინაში რუსეთის ბრუტალური შეჭრის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ნატოს მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა, იმ პარტნიორების მიმართ რომლებიც რუსთის მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან. მათ შორის არის საქართველო. რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი და აკონტროლებს მათ . ვფიქრობ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე პრაქტიკული დახმარების გაძლიერებისთვის. იქნება ეს სამხედრო წვრთნები თუ რეფორმები, იმისთვის რომ საქართველოს შესაძლებლობები განვითარდეს, რათა საქართველო წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას და კრემლის ძალისხმევას ძირი გამოუთხაროს ქვეყნის სტაბილურობას," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ახსენა უკრაინის, საქართველოს, შვედეთის, ფინეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაც, რომელიც დღეს გაიმართება.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური სივრცისთვის რუსეთის ომი უკრაინაში უდიდესი საფრთხეა. რუსეთი იწვევს ფართომასშატაბიან ნგრევასა და სიკვდილს. ეს აისახება საწვავისა და საკვების გლობალურ კრიზისზეც. ასეთ საშიშ დროს ნატო მეტად ძლიერი უნდა გავხადოთ, ასევე მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პარტნიორებს. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის, საქართველოს, შვედეთის , ფინეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რისკის წინაშეა, ეს ქვეყნებია ბოსნია -ჰერცოგოვინა და საქართველო. შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაგეგმილია ასევე შტატები - უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრა. ამ შეხვედრაზე სამხედრო აღჭურვილობის კუთხით უკრაინის საჭიროებები იქნება განხილული,"- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები