27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"მივმართავ ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს..." - სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ევროპას დაუსაბუთოს, თუ რატომ უნდა მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს, გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა. 

ასევე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს პერსონალურ წერილებს გაუგზავნის, სადაც დაუსაბუთებს, თუ რატომ უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება. 

"მივმართავ აქედან, დღეს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცები გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როდესაც ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, რომ გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურებს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. 

ხვალ პირადად მივმართავ, პერსონალური წერილით, თითოეული 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს.

მივმართავ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი, თუ არა - 30 საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს. 

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში, მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები