მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს 5 რეგიონსა და დედაქალაქში - დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. რამდენიმეკვირიანი ოპერაციისას პოლიციამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
„ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ - ეს იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც მომხმარებლებზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაიყიდა. ნარკოტიკების ნაწილი კი სამართალდამცავებმა დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას, ფულთან ერთად ამოიღეს.
პოლიციის ფაილებში დევს ფარული აუდიო და ვიდეო მასალაც, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ასახავს. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორებისგან საკონტროლო შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელეს.
როგორ გაშიფრა პოლიციამ ნარკოტიკების გაყიდვის მასშტაბური სქემა - ახალგაზრდა მამაკაცს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან გარეთ გავიდა, განუმარტეს, რომ გამოძიება მას ნარკორეალიზაციას ედავება. პოლიცია დაკავებულთან მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
მუხრანის ქუჩაზე სამართალდამცველები დილით გამოჩნდნენ, გამომძიებლებმა ახალგაზრდა მამაკაცს, უფლებები განუმარტეს და შემდეგ შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეზობლები დაკავებულს კარგად იცნობენ, თუმცა იყო თუ არა ის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული არ იციან, ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მამაკაცი უდანაშაულოა.
ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ თბილისის გარდა რადენიმე ღონისძიება რეგიონებშიც ჩაატარა. სამართალდამცველები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში ატარებდნენ. განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, საქმეში დევს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებიც, სადაც ოფიციალური ინფორმაციით ჩანს, რომ დაკავებულები სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკს სისტემატიურად ყიდდნენ.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური განმარტება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით სულ 88 პირია პასუხისგებაში მიცემული, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომობილების და პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული.
დაკავებულებს შორის სამი ქალია, ერთ-ერთთან დღეს "კურიერი" მივიდა თუმცა, ოჯახის წევრებმა კარი არ გააღეს, მეზობლებს კი საჯაროდ კამერებთან საუბარი არ სურთ, თუმცა დაკავების შესახებ იციან.
ჩატარებულ სპეცოპერაცის ადასტურებენ სხვა დაკავებულების ოჯახის წევრები. 44 წლის მამაკაცის მეუღლე ამბობს, რომ შესაძლო დანაშაულის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბინაში პოლიცია მივიდა და ჩხრეკა ჩაატარა.
დაკავებულებს უკვე ჰყავთ ინტერესების დამცველები, თუმცა ნაწილი მათგანი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს. ერთადერთი ვინც დაკავებულის პოზიცია გააჟღერა, ქუთაისში დაკავებული 32 წლის მამაკაცის ადვოკატია. გიორგი დვალიშვილის განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და საქმეშიც მყარი მტკიცებულებები არ დევს.
გამოძიება ნარკორეალიზაციის საქმეზე გრძელდება. არ არის გამორიცხული სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს, დაკავებულებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.