27 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
სამშენებლო სამართალდამრღვევთა მიმართ ახალი წესი ამოქმედდება - კახა კალაძე

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ აქამდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. მისი თქმით, კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს.

"სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და მათი ჩართულობით, მიღებული იქნა. ასევე, საკრებულომაც დაამტკიცა შესაბამისი წესი. პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე – www.decisions.tbilisi.gov.ge.

სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად. ამდენად, ახალი წესებით და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი," - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები