სახელმწიფოსა და "ბორჯომის" აქციონერებს შორის დადებული გარიგება, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიაში არსებულ პრობლემებს დაასრულებს, დასაქმებული თანამშრომლების მოთხოვნებს კი სამართლიანად მოაგვარებს - ასე შეხვდნენ პრემიერის განცხადებას ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები. ახლა პროტესტის მონაწილეები ახალი შეთანხმების კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. აუქმებენ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც.
"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები ჯერჯერობით გაფიცვას განაგრძობენ, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე პროტესტის შეწყვეტისთვისაც მზად არიან. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.
მთავრობასა და "ბორჯომის" აქციონერს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოს კომპანიაში 7.73% ექნება და დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, წილების განაწილების ახლებური სქემით, საქართველოს მთავრობას კომპანია "ბორჯომის" მართვაზე სრული კონტროლი ექნება.
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა 31 მაისს დაიწყო. დასაქმებულების მოთხოვნებია: გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, ხელფასების 25%-ით გაზრდა, ვადიანიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა და კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.