27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
დაპირისპირება 20 ივნისის აქციის გარშემო - ვინ უერთდება ოპოზიციიდან აქციას და გამოიყენებენ თუ არა მას საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნებისთვის კონკრეტული პარტიები

აქცია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის ეგიდით დაიგეგმა, პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვინ დაიკავებს ტრიბუნას 20 ივნისს? - ამ საკითხს სოციალურ ქსელში მოძრაობა "სირცხვილიასა" და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

სოციალურ ქსელში აქციის ფორმებთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ხელოვნურია მმართველი გუნდისთვის. აქციის ორგანიზატორების განცხადებების მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულნი არიან, რომ 20 ივნისს ტრიბუნიდან პოლიტიკური მოთხოვნებიც გამოითქმება და საზოგადოების პროცესების რადიკალიზაციისკენაც მოუწოდებენ. სახელისუფლებო პარტიას ამ ვარაუდს ის განცხადებებიც უმყარებს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გააკეთა და სტატუსის არ მიღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების იდეაც დააანონსა.

პროცესების რადიკალიზაციის სურვილს არ მალავს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა უმრავლესობა. დაგეგმილ აქციაზე ტრიბუნას არა, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციაში შეტანილი საკითხების გაჟღერებას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებს აქციაში მონაწილეობისკენ ღიად მოუწოდა.

აქციას არ უერთდება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. "გირჩში" ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს ტემპერატურის აწევას, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი დაგეგმილ აქციებში ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე განხილული გეგმა ამოიკითხა. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

ორგანიზატორებმა აქცია სიმბოლურად 20 ივნისს, 2019 წლის მოვლენებიდან სამი წლისთავს დაამთხვიეს. აქცია ლოზუნგით "შინ ევროპისკენ" რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები