27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ბრიუსელის გადაწყვეტილებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, თბილისში კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ირგვლივ პოლიტიკური დისკუსია სულ უფრო მწვავდება

კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ევროპარლამენტის რეზოლუცია თბილისში კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. მთავრობის მეთაურის აზრით, სარეკომენდაციო დოკუმენტი ევროპის სახალხო პარტიისა და მათი პარტნიორი "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი ნამუშევარია. პრემიერის განმარტებით, რეზოლუცია ობიექტურ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

კიდევ ერთი დეტალი რეზოლუციიდან, რომელიც ქვეყნის პირველი პირისთვის პრინციპულად მიუღებელია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ გაჟღერებული გზავნილებია. პრემიერმა დღეს ევროპულ და ქართულ საზოგადოებას 2012 წელს არსებული პოლიტიკური ვითარება შეახსენა და თქვა, რომ დღეს არსებული მშვიდობა და ქვეყნის ევროპული დღის წესრიგი სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ივანიშვილის მიმართ სანქციების მოთხოვნა ალოგიკურია დედაქალაქის მერისთვისაც, კახი კალაძემ ამ მიმართულებით დღეს ოპოზიციაც გააკრიტიკა.

ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას იმედი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა მათი თქმით, ეს ხელისუფლების დამსახურება არ იქნება.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შემაფერხებელ ფაქტორად ხელისუფლებას ასახელებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსები მმართველი გუნდის რიტორიკას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე დამაზიანებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარტნიორებმა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ.

ოპონენტების კრიტიკას დაუმსახურებლად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით საქართველო მეგობარ ქვეყნებთან შედარებით მოწინავე ადგილზეა. ოცნებაში ევროპელი პარტნიორებისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელიან. ოპოზიციას კი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ივნისის ბოლოსთვის ელოდებიან.

დღის ამბები