27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"ვგეგმავთ, მაქსიმალურად იყოს დაცული "ბორჯომის" და მისი დასაქმებულების, ამასთან ერთად კი სახელმწიფოს ინტერესები" - ლევან დავითაშვილი

"ბორჯომის" ქარხნებში დასაქმებულები თბილისში აქციებს აღარ გამართავენ - გაგრძელდება მედიაცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსასყიდლოდ ხდება "ბორჯომის" თანამფლობელი - პრემიერ-მინისტრი დასაქმებულებს ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. პროტესტის მონაწილეთა უპირველესი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცადა დაეცვა კომპანია "ბორჯომის", როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ბრენდის და მისი დასაქმებულების ინტერესები, ამასთან ერთად კი, დაზღვევის საშუალებით, სახელმწიფო რაიმე დაფარული რისკის არსებობის შემთხვევაში დაცული იქნება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ, ანუ კომპანია "ბორჯომის" ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული ერთის მხრივ და მეორე მხრივ საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია.

სახელმწიფო სრულად დაზღვეულია, დაზღვევის შესახებ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებაში არის და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ბათილი ხდება გარიგებაში თუ რაიმე სხვა ტიპის დაფარული რისკი შეიძლება არსებობდეს.

სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რა დროც მოგვეცა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა კომპანია, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენ-ჩვენი წილი შევიტანოთ და ასევე ვუპასუხოთ ინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ დაზიანდა სანქციების შემოღების დაწყებიდან," - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის ამბები