საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში, რესტორან "მარანი ჰოლში" ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან "მარანი ჰოლში" ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.
"იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.