თბილისს ევროპისა და აზიის თეატრალური დასები ეწვევიან. საერთაშორისო ფესტივალს მოძრაობის თეატრი 14 ივნისიდან უმასპინძლებს.
სამი დღის განმავლობაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი არტისტები გაითამაშებენ სპექტაკლებს, რომელებიც იქნება ქორეოგრაფიის, პანტომიმის, მიმოდრამის და ასევე საცირკო ელემენტების ნაზავი. ყველა მონაწილე დასს სხვადასხვა ჟანრის სინთეზი აერთიანებს.
მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ იმართება. გარდა წარმოდგენებისა, დაგეგმილია ვორქშოფები, რაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ერთმანეთს ცოდნა გაუზიარონ.