27 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
დაშავებული და გარდაცვლილი ბავშვები - რუსული აგრესიის პარალელურად, უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს

რუსული აგრესია უკრაინაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს აზარალებს. აღმოსავლეთ რეგიონების გარდა, სადაც ფრონტის ხაზია და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იბომბება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიც.

ერთ-ერთი ბოლო შეტევა განხორციელდა ტერნოპოლის რეგიონზე, სადაც 22 სამოქალაქო პირი დაშავდა. მათგან ერთი 12 წლის ბავშვია.

3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 დაშავდა ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში. მთავარი ფრონტის ხაზი ახლა სწორედ აქ არის. რუსეთი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს სევეროდონეცკზე და ლისიჩანსკზე და შედეგად აღმოსავლეთით უფრო მეტად გაფართოვდეს.

ომის 109-ე დღეს აფეთქებით დაიწყო ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში. დაზიანებულია ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქალაქის ნახევარს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ოკუპანტებმა ღამით დაარტყეს ხარკოვის რეგიონის შევჩენკივსკის დასახლებას, დამწვარია საცხოვრებელი სახლები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა 150 სამხედრო დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა კონტრშეტევა სამი მიმართულებით დაიწყეს ხერსონის ოლქში. ამას ადასტურებს ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იქ უკრაინელმა სამხედროებმა ერთი დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს რუსებისგან და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქშიც. პარალელურად უკრაინის პირველი პირი მსოფლიო დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს.

ომის დაწყებიდან 109-ე დღეს ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ ხარკივი რჩება. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე სარაკეტო იერიში რუსეთმა დღეს რამდენჯერმე მიიტანა.

დღის ამბები