რუსული აგრესია უკრაინაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს აზარალებს. აღმოსავლეთ რეგიონების გარდა, სადაც ფრონტის ხაზია და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იბომბება ქვეყნის დასავლეთი ნაწილიც.
ამჯერად შავ ზღვაში მდგარი ფრეგატიდან "კალიბრის" ტიპის რაკეტა ტერნოპოლის რეგიონისკენ გაუშვეს. ქალაქ ჩორტკოვში, შედეგად ბოლო მონაცემებით, 2 სამოქალაქო პირი დაშავდა, მათგან ერთი 12 წლის ბავშვია. სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო, თუმცა უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ ტერიტორიაზე არანაირი იარაღი არ ინახებოდა და შესაბამისად არც განადგურებულა. სამაგიეროდ დაზიანდა გაზსადენი.
რაც შეეხება აღმოსავლეთს და ფრონტის ხაზს, კვლავ მწვავეა ვითარება ლისიჩანსკში და სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
"რუსებმა რეგიონულ ცენტრამდე მიმავალი მეორე ხიდი ღამით გაანადგურეს. ახლა ბომბავენ ქალაქ ლისიჩანსკისკენ მიმავალ ბოლო, მესამე გზას. ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ და მთლიან რეზერვს ხარჯავენ იმისათვის, რომ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავონ. შემდეგი 2-3 დღე მნიშვნელოვანი იქნება. არ გამოვრიცხავთ თავდასხმებს სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტზე, რომლის გაკონტროლებასაც რუსები უშედეგოდ ცდილობენ," - განაცხადა ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ.
აზოვის ბატალიონის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რთული ვითარებაა. გრძელდება დაღუპულის მცველების ამოცნობის პროცესი, თუმცა გვამების მდგომარეობის გამო, საჭიროა დნმ ტესტების ჩატარება.
"სიტუაცია აზოვსტალის ტერიტორიაზე ისევ რთულია, გრძელდება დაღუპული მცველების ამოცნობის პროცედურები, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია. მათი უმეტესობა საშინელ მდგომარეობაშია, ამიტომ საჭიროა დნმ ტესტების ჩატარება.
ასევე გრძელდება მუშაობა აზოველების გაცვლის საკითხთან დაკავშირებითაც," - აცხადებს მაქსიმ ჟორინი.