მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინეს.
მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გადმოვიდეს სულიწმიდა და მოვიხვეჭოთ ნაყოფი სულისა წმიდისა. შეიძლება ისე ძლიერად არ გადმოვიდეს ჩვენზე, როგორც დღეს გადმოვიდა მოციქულებსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, მაგრამ თუ ჩვენ ვეცდებით, თუ ჩვენ გულმოდგინედ შევასრულებთ ქრისტეს მცნებებს, ჩვენზეც გადმოვა სულიწმიდა, ნელ-ნელა, შეიძლება შეუმჩნევლად," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.
სულიწმინდის გადმოსვლის დღე ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.