უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითური სქემა გამოავლინა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი ამბობს, კრიმინალები გატაცებული სამხედროების ოჯახის წევრებს უკავშირდებოდნენ და მათი ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ ფულს სთხოვდნენ, თანხის მიღების შემდეგ კი უჩინარდებოდნენ.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე პირი, თაღლითური სქემის მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად კი გამოძიება გრძელდება.
უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გატაცებული სამხედროების გათავისუფლება ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივაა.
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა თაღლითური სქემა. ზაპოროჟიეში გამოაშკარავდნენ კრიმინალები, რომლებიც ურეკავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნათესავებსა და მეგობრებს, ისინი მათ ახლობლებს დახმარებას სთავაზობდნენ ტყვეობიდან გათავისუფლებაში, ამისთვის კი ცალკე საფასურის გადახდას ითხოვდნენ. თანხის ოდენობა დამოკიდებული იყო ნათესავების ემოციურ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, თაღლითური სქემის მონაწილეებმა ვერ შეასრულეს დაპირებები. შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა დააკავა ეჭვმიტანილი პირები. ჩხრეკისას ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, სადაც ინახება მტკიცებულებები, მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათები და 250 ათასი გრივნა ნაღდი ფული. მიმდინარეობს ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება და მივიღებთ შესაბამისი ზომებს, სქემის სხვა მონაწილეთა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. მინდა აღვნიშნო რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლების ექსკლუზიურ კომპეტენციაშია," - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა არტიომ დეხტიარენკომ.