თორნიკე შენგელიამ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეიოფში, ვირტუს ბოლონიამ 75-68 მოუგო ოლიმპია მილანოს და საერთო ანგარიში 1-1 გახდა.
შენგელიამ მილანელებს 22 ქულა ჩაუგდო და მატჩის ე.წ. ემ ვი პი მოთამაშე გახდა.
გუშინდელ შეხვედრაში შეუძლებელი გახდა თორნიკე შენგელიას შეჩერება, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იტალიური გრანდის ლიდერი პარკეტზე საუკეთესო იყო. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში ყველაზე მეტი 22 ქულა დააგროვა, 8-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, გარდა ამისა 3-ჯერ დააფარა მეტოქეს და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა საკუთარ აქტივში. ამ მონაგარით მისი სარგებლიანობის კოფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP-ს ტიტულიც სწორედ მას ერგო.
იტალიის ჩემპიონატის ფლეიოფის სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება და მომდევნო 2 თამაში უკვე მილანის მედიოლანუმ ფორუმში 12 და 14 ივნისს გაიმართება. დანარჩენი 3 მატჩი კი 16, 18 და 20 ივნისს მიმოსვლით ჩატარდება. ვირტუს ბოლონიას გამარჯვების შემთვევაში კლუბი თავისი არსებობის ისტორიაში მე-17-ედ იზეიმებს ჩემპიონობას.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი