27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ერთ კონტექსტში, სააკაშვილის, გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება, პოლიტიკური უმსგავსობაა - მიხეილ სარჯველაძე

"რამდენიმე ფრაგმენტი იყო, ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებაში, ისეთი, რომელიც შეიძლება, ყურადღებას იქცევდეს. მათ შორის, ცალკეულ ადამიანებს შორის გაჩნდა გარკვეული "ენთუზიაზმი", რომ თითქოსდა პრეზიდენტი აპირებდეს შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი და შემდეგ, თვითონაც განმარტა," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებაში იყო პოლიტიკური უმსგავსობა, როდესაც ის ერთ კონტექსტში საუბრობდა სააკაშვილზე, გვარამიაზე და ბიძინა ივანიშვილზე.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ნაწილს, შეფასებების, რომელშიც ერთ კონტექსტშია მოხსენიებული  სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. ეს უბრალოდ უმსგავსობაა, პირდაპირ ვამბობ პოლიტიკური უმსგავსობაა. იმიტომ, რომ არავითარი ლოგიკა, ახსნა, ეთიკა ამ ყველაფერს არ გააჩნია და შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ამას რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს," - განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე, მან ურჩია პრეზიდენტს, თუ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი აქვს, თუ ვინ უშლის ხელს დიპლომატიური ფუნქციის შესრულებაში, საზოგადოებას წარუდგინოს.

"რაც შეეხება, ბოლო საკითხს,  პრეზიდენტს თუ უშლის ვინმე ხელს დიპლომატიური ფუნქციების შესრულებაში, არ მგონია, ამ შემთხვევაში, მართებული იყოს ასე საკითხის დაყენება. თუ მას სურვილი აქვს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე მას ხელს უშლის, მაშინ უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ აღმოჩნდება და ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულია პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა მთავრობის მისამართით. ალბათ, საზოგადოებაც დასვამს კითხვას, თუ ვინ ვის რაში უშლის ხელს და მე ვფიქრობ, აღმოჩნდება, რომ არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. შესაძლოა, ხელშეწყობის მეტი ვერავინ ვერაფერი ნახოს ამ მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

დღის ამბები