27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ - ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. მათი თქმით, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კაბინეტს არ დატოვებენ.

სხეულის დაზიანება მიიღო უნივერსიტეტის დაცვის ოთხმა თანამშრომელმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. სტუდენტები, მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრები არიან და მათი მოთხოვნაა, რომ თანამდებობა დატოვოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფინანსები იყოს გამჭვირვალე, აშენდეს დაპირებული სტუდენტური საცხოვრებელი და დასკვნითი გამოცდები ონლაინ ფორმატში ჩატარდეს.

სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ დედაქალაქში ქირის გაძვირების გამო, რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები, ვერ ახერხებენ საცხოვრებლის მოძიებას და გამოცდებზე დასწრებას.

მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდა თსუ - ის ადმინისტრაციის მხრიდან. უნივერსიტეტი მოუწოდებს როგორც თსუ - ს, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და გარეშე პირებს, რომლებიც უნივერსიტეტში აქციას მართავენ, პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.

"ძალადობრივი გზით ამა თუ იმ პროტესტის გამოხატვა, მიუღებელია. სამწუხაროდ, სტუდენტთა გარკვეულმა ნაწილმა საუნივერსიტეტო სივრცეში აირჩია მოქმედების არააკადემიური ფორმა. სამწუხაროდ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან მშვიდად იდგნენ, იცავდნენ და ასრულებდნენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შეხლა - შემოხლის დროს ახალგაზრდებისგან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რის შედეგადაც 4 მათგანი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში", - აცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

დღის ამბები