მორიგი თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ამჯერად შეჭრა ბათუმის ფილიალში მოხდა.
ბათუმის ცენტრში სროლის ხმა, დღის პირველ ნახევარში გაისმა. აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალს, თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, სალაროსთან მივიდა და იარაღის მუქარით, თანხა მოითხოვა.
თანხის გაცემაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცმა ბანკის ფილიალის შენობაში გაისროლა, შემდგე კი, გაქცევაც მოასწრო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ დამნაშავე შემთხვევიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, ბანკმაც მუშაობა მალე განაახლა.
საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. ყაჩაღობასთან ერთად, სამართალდამცავი ორგანო დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასაც ედავება. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 33 წლის მამაკაცს ბრალი დაკავებიდან მაქსიმუმ 48 საათში უნდა დაუზუსტდეს.