27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ოკუპანტებმა, მარიუპოლის შემდეგ, ლუჰანსკსა და დონეცკში 20 - ზე მეტი დასახლება დაბომბეს

მარიუპოლის შემდეგ, ლუჰანსკში და დონეცკში ოკუპანტებმა 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს - განადგურებულია 60 შენობა, მათ შორის 49 საცხოვრებელი სახლი და რკინიგზის სადგური. თავდასხმებს ემსხვერპლა 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. აგრესორი არ წყვეტს შეტევას სევეროდონეცკზე. რუსმა სამხედროებმა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ყინულის სასახლე გაანადგურეს, საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინელმა სამხედროებმა.

მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტის იერიშს ხარკოვში. ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე გახსნილ ცეცხლს,5 ადამიანი ემსხვერპლა,  დაშავდა 14 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

რუსმა სამხედროებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფლებიც, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ავიაიერიში მიიტანეს ჟიტომირის მიმართულებითაც. გენშტაბის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ბელორუსის ტერიტორიიდან გახსნეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვითარება რთულია, თუმცა შეიარაღებული ძალები ყველა ამოცანას თავს წარმატებით ართმევენ. ზელენსკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაა, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში უნდა გამოიხატოს.

ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის ჩამოუყალიბებელი პოზიცია, უკრაინას საკმაოდ ძვირი უჯდება. ოფიციალური ცნობების თანახმად, უკრაინა ბრძოლებში ყოველდღიურად 100 - დან 200 - მდე სამხედროს კარგავს, მაგრამ დიდი ფასის გადახდა უწევს რუსეთსაც, რომელსაც კიევის ინფორმაციით, ინტერვენციის გამო, ყოველ 5 წუთში ერთი სამხედრო ეღუპება.

დღის ამბები