27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
კახა კალაძე - ის, რაც გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა

ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“.

„აბსოლუტურად ვეთანხმები; არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს კონკრეტულ პერსონებს და ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა და მარტივი ენით, რომ ვთქვათ, რას გვეუბნებიან რეზოლუციაში, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, რომ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ავტომობილის კაპოტზე დაბმულს აუპატიურებდნენ, მერე რა? ის იყო დემოკრატიის შუქურა – ასევე გვეუბნებიან. მერე რა, რომ გამოჰყავდათ ციხეებიდან ადამიანები, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს? ნიკა მელიას ციტატა მომიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო. ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან და დიდი ხარკი გაიღო თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას არ ეთანხმება.

„ასევე, მოვისმინეთ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ნატო-ს სტანდარტის ჯარისთვის ინფრასტრუქტურა აქვს შექმნილი, ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები. ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, სანქციები რომ დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში, ჩვენზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჯარები ჰყავთ ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი არიან და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში. საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან, ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი ბიჭები ყოველთვის დიდი უმრავლესობით, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია და სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები