27 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"მათ ადგილზე მე ყოველ თვეში ორჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა EURACTIV-ის სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ევროპა არცერთ ქვეყანას არ მიუხურავს კარს:

"უკრაინა არის გამორჩეულ ვითარებაში, იქ არის რუსეთის სამხედრო აგრესია, გენოციდი, ამიტომ როგორი იქნება ქვეყნების საბოლოო კონსენსუსი, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ, რაც ვიცი და მჯერა, ესაა, რომ არცერთ ქვეყანას ევროპა არ მიუხურავს კარს. ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ინტენსიური ურთიერთობა უნდა ჰქონოდა უკრაინელ კოლეგებთან და მათთან ერთად უნდა ყოფილიყო ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში:

"უკრაინას თავისი სტრატეგია აქვს. სამწუხაროდ ეს არის შედეგი ანტიუკრაინული კამპანიის, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოა ომის დაწყების დღიდან. მე მაგალითად, მათ ადგილზე, პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ყოველ თვეში ორჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის. ასეთ შემთხვევაში დამერწმუნეთ კითხვაც კი არ დაისმებოდა, რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე. მაგრამ მათ აირჩიეს საპირისპირო გზა - ზელენსკიზე თავდასხმის გზა, ანტიუკრაინული გზა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები