27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"არ დანებდეთ" - როგორია ხორვატიის რჩევა, სადაც დღეს, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტი დაასრულა

"არ დანებდეთ" - ასეთია ხორვატიის რჩევა, სადაც დღეს, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტი დაასრულა.

ხორვატია, რომელსაც ევროკავშირის მიმავალ გზაზე დიდი გამოცდილება აქვს, მხარს უჭერს საქართველოს და დახმარებას სთავაზობს.

ხორვატია 2013 წელს გახდა ევროპის გაერთიანების 28-ე წევრი, თუმცა ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, 27-ე ნომრად დარჩა. მას შემდეგ, ევროკავშირის კარი აღარ გაღებულა.

"ჩვენ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის გზით. ჩვენი ხედვით, მთელი რეგიონის, როგორც მას ვუწოდებთ  -აღმოსავლეთ პარტნიორობას, მიღება კარგი ნაბიჯი იქნება და ამ კუთხით საქართველოს ამბიციას, დაუახლოვდეს ევროპას, დადებითად ვაფასებთ,"- აცხადებს ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავორ იერ სტიერი.

საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დღეს ზაგრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა:

"სასიხარულოა, რომ ხორვატია არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს და აქტიურად უჭერს მხარს, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან ცხადი პერსპექტივა. გავაფორმეთ მემორანდუმი მომავალ თანამშრომლობაზე, რაც მიმართული იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებაზე. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების გაღრმავებას ქვეყანასთან, ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირის შიგნით გვყავდეს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ქვეყანა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები