4 წლის ბავშვი საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერპლია. აღსაზრდელის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ბაგა-ბაღის დირექტორმა აღმოაჩინა.
"კურიერის" ინფორმაციით, რუსთავში 4 წლის ბავშვზე დედა და მამინაცვალი სისტემატიურად ძალადობდნენ. მცირეწლოვანს ფიზიკური ზეწოლის კვალი სახისა და სხეულის თითქმის ყველა ადგილზე ეტყობა, მათ შორის აღენიშნება სიგარეტის ნამწვით მიყენებული დაზიანებები.
ბაღის ადმინისტრაციამ ძალადობის ფაქტი პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დედა და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ორი წლის ძმასთან ერთად დღეს თავშესაფარში გადაიყვანეს. ბავშვის ბებია "კურიერს" უყვება, რომ დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის შვილიშვილზე მამინაცვალი ძალადობდა.
"სიგარეტს მიშა ეწეოდა და ალბათ მან მიაყენა დაზიანებებიც, ჩემი შვილი არ ეწევა"- აცხადებს ბებია.
4 წლის ბავშვზე სისტემატიური ძალადობის შესახებ დუმილს არჩევენ მეზობლები. არცერთ ადგილობრივს ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვნის დახმარება არ უცდია. ისინი "კურიერთან" დღეს მხოლოდ იმას ამტკიცებდნენ, რომ არაფერი გაუგიათ და არც არაფერი დაუნახავთ.
"კურიერი" დღეს ბრალდებულ მიხეილ ნოზაძის მშობლების ოჯახშიც იმყოფებოდა. ფაქტზე საუბარი არც აქ ისურვეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ამ დრომდე არასდროს მომხდარა. 4 წლის ბავშვზე ძალადობის შემთხვევას კი დროული რეაგირება მოჰყვა.
ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და მისი მეგობარი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. დანაშაულს არცერთი აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით გრძელდება. მცირეწლოვანს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, სასამართლო კი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.