27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
თუ დაინტერესებული ხარ ინვესტიციით, უნდა ესტუმრო საქართველოს - "ბლუმბერგის" სტატია საქართველოზე და შეფასებები

"საქართველოს აქვს მომგებიანი პოზიცია ორ კონტინენტს შორის, აზიისა და ევროპის გასაყარზე, ეს არის ლოჯისტიკურად იდეალური ადგილი" - ასეთია იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ინვესტორები "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს მიმზიდველობის ერთ - ერთ მთავარ წინაპირობად ასახელებენ.

მათი თქმით, საქართველოში არის კვალიფიციური და განათლებული პერსონალი და თუ დაინტერესებული ხარ ინვესტიციით, უნდა ესტუმრო ამ ქვეყანას. ვიდეორგოლს საქართველოზე, თან ახლავს ვრცელი სტატია გავლენიან გამოცემა "ბლუმბერგში", სადაც საუბარია თუ როგორ იქცა საქართველო ბიზნესისა და ინვესტიციების სანდო მიმართულებად.

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის პოზიტიურ შეფასებას, სწორ საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სადაც ამბობენ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა და კვალიფიციური კადრები, ქვეყანაში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ბიზნესისთვის ევროპულ სტანდარტებზე მორგებული გარემო, ეს იყო დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომის მთავარი თემაც, სადაც პრემიერ - მინისტრს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი თქმით, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესგარემოს ევროპულთან დასაახლოვებლად, ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ინვესტორთა საბჭოს მდივანმაც გააკეთა. გიორგი ჩერქეზიშვილის განმარტებით, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების სრული მხარდაჭერა აქვს.

საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე ელოდება. ბოლო რეიტინგების მიხედვით, საქართველომ ყველა ეკონომიკურ პარამეტრში, გაუმჯობესება აჩვენა და ქვეყანაში ბიზნესის კეთებისთვის შესაფერისი გარემო შექმნა. სწორედ ამაზე წერს "ბლუმბერგიც" და ინვესტორებს საქართველოთი დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები