27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას" - წულუკიანი ევროპარლამენტარების წერილზე

 

ორი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოსადმი გავრცელებული მიმართვა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. კუბილიუსის და  იუკნევიჩიენეს შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა, თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა. ევროპარლამენტარები უარყოფითად აფასებენ ფაქტს, რომ "შარლ მიშელის შეთანხმება" ამ დრომდე არ არის შესრულებული. 

განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ​პირდაპირ და აგრესიულად ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

"ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კუბილიუსისა და რასას განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ხელისუფლებისთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის.

"კუბილიუსისა და რასას განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან "ნაცმოძრაობის" ლობისტები, სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის" მეგობრები და რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები