გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში და გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დასდო ბრალი. შარლ მიშელის თქმით, რუსეთი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.
"რამდენიმე თვის წინ ბოროდიანკაში ვიყავი, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკეები ჩაიდინეს – დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა აუციებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. მათ პასუხი უნდა ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებების შეგროვებაში. დაუსჯელობა გამოსავალი არ არის.
ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს იწვევს სურსათის გაძვირებას, ადამიანებს აღარიბებს და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას ახდენს. მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად, ბატონო ელჩო, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ დარბაზიდან, ალბათ უფრო მარტივია, არ უსმინოთ სიმართლეს," - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
უკრაინის ელჩმა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის მუდმივი წევრობის შეწყვეტა მოითხოვა. მან ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკ, მათ შორის სექსუალურ დანაშაულებებზე და განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. თავის მხრივ, გაერო-ში რუსეთის ელჩმა კი რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უარყო.
"სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთს მუდმივი წევრობის პრობლემა გადავწყვიტოთ. ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესია. აგრესორი და დამრღვევი სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენ გვჭირდება სანდო საბჭო და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. 3 ივნისის მდგომარეობით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ცნობები კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო შემთხვევის შესახებ, რომლებიც ჩადენილია ქალების, გოგონების, კაცების და ბიჭების წინააღმდეგ. ყველას გვახსოვს, როგორ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამხედროებს უკრაინულ და დასავლურ მედიაში, ასევე ამ დარბაზში სექსუალურ ძალადობაში გარკვეულ ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც თითქოსდა სანდო მონაცემებს ეყრდნობოდნენ. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ წარდგენილა. ისევე როგორც დღეს, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი მაგალითი," - აცხადებს უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სერგეი კისლიცა.