27 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
რუსეთის არმია ცდილობს დონბასში დამატებითი ძალები აამოქმედოს, მაგრამ 103-ე დღეა და უკრაინის დონბასი დგას, დგას მტკიცედ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს მის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან განიხილა.

უკრაინის ლიდერმა ვიდეო-მიმართვაში ასევე ისაუბრა დონბასში არსებულ სიტუაციაზე. მისი თქმით, შეუპოვარი ბრძოლების მიუხედავად დონბასი ომის 103 დღის ბოლოს მტკიცედ დგას.

"ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ჩვენს განცხადებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში ველოდებით. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ, იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც ნამდვილ ძლიერ გაერთიანებას.

გრძელდება ინტენსიური ქუჩის ბრძოლები სევეროდენცკში, ჩვენი გმირები პოზიციებს არ აბარებენ. ლისიჩანსკი, სლავიანსკი, ბახმუტი, სვიატოგორიე და რუსული დარტყმების სხვა მიმართულებები – ეს ლოკაციები დღეს დაპირისპირების ყველაზე ცხელი წერტილებია. რუსეთის არმია ცდილობს, დონბასში დამატებითი ძალები აამოქმედოს, მაგრამ 103-ე დღეა და უკრაინის დონბასი დგას, დგას მტკიცედ," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები