ქართული ბრენდი, რომელიც რუსული კაპიტალისთვის დაწესებული სანქციების გამო გაჩერდა - სანამ ქვეყანა კომპანიის დაბრუნების საბოლოო პროცედურებზე მუშაობს, "ბორჯომის" ქარხნის გაფიცული თანამშრომლები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ქართული მინერალური წყლის ქარხნების პიკეტირებაც დაიწყო. რატომ არ რიგდება ხელფასები - დღეს "ბორჯომის" მფლობელმა კომპანიამ განმარტებები გააკეთა, ხელისუფლება კი აანონსებს, რომ მალე საქართველოს სახელმწიფო "ბორჯომის" აქციონერი გახდება.
გაფიცვის მეშვიდე დღეს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმების მისაღწევად, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი და მედიატორი დღეს ადგილზე ჩავიდნენ და მოთხოვნები პირადად მოისმინეს. პროტესტის მიუხედავად თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებებმა შეიძლება შედეგი გამოიღოს.
მედიატორების ადგილზე ჩასვლამდე ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და პროცესში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.
დღეს განცხადება გაავრცელა თავად კომპანია "ბორჯომმაც", რომელშიც ნათქვამია, რომ მზად არიან შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ ქარხანაში შექმნილ ვითარებაზე. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სირთულეების მიუხედავად, თანამშრომელთა უმრავლესობას შეუნარჩუნდა სამუშაო ადგილები და სახელფასო განაკვეთი უცვლელი დარჩა.
კომპანიაში მიმდინარე პროცესებს დღეს პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ბორჯომის" აქციონერი სახელმწიფო გახდება და საკითხზე ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დაასრულა. მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტისას არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება.
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა 31 მაისს დაიწყო. ამ დრომდე პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლებულების აღდგენა, ხელფასების 25%-იანი ზრდა, ვადიანიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა და კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.