27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ოჯახური ძალადობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი ბერ-დიაკვანი, ამჯერად, ყოფილ ცოლს თავს დანით დაესხა - რა ფაქტებს ინახავს "კურიერის" არქივი

წარსულში ძალადობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი ბერი გერმანე კვარაცხელია ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის თემქაზე ყოფილ მეუღლეს თავს ქუჩაში, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაესხა და დანით ემუქრებოდა. ქალმა პოლიციის გამოძახება მოასწრო, ბერი ადგილზე დააკავეს.

ადვოკატი, რომელიც დაკავებული ბერის უფლებებს წლების წინ იცავდა, გერმანე კვარაცხელიას, სავარაუდოდ, ახლაც დაიცავს. თამარ აბესაძე დარწმუნებულია, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. რატომ გაათავისუფლეს 4 წლის წინ, ყოფილ მეუღლესა და მეუღლის დედაზე ძალადობაში ბრალდებული - ადვოკატის განმარტებით, ცოლი თანახმა იყო, მისთვის პირობითი მიესაჯათ, სიდედრის დაჭრის ფაქტს კი არ ადასტურებს.

"კურიერის" არქივი კი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის დედის ინტერვიუს ინახავს, რომელიც სასულიერო პირს უმძიმეს დანაშაულში ამხელდა.

ბრალდებულის ყოფილ ცოლს კამერებთან საუბარი არ სურს. გერმანე კვარაცხელიას მხრიდან ჩადენილ განმეორებით დანაშაულზე საუბრისგან თავს იკავებს მისი ყოფილი სიდედრიც.

კრიმინალური წარსული მქონე 40 წლის გერმანე კვარაცხელია ბერად წლების წინ აღიკვეცა და სხვადასხვა მონასტერში ცხოვრობდა, მათ შორის რუის-ურბნისის ეპარქიაში. ცოლზე ძალადობის პირველ შემთხვევაზე მონასტერშიც იციან.

ბრალდებულ ბერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი, ამბობს, რომ გერმანე კვარაცხელია არცერთ საბრალდებო მუხლს არ აღიარებს და 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ბერი გერმანე კვარაცხელია ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომელიც გამოძიებამ სავარაუდოდ უკვე ამოიღო.

ბრალდებული ბერის საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ივლისს დაიწყებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გერმანე კვარაცხელიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები