ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა ის ერთ-ერთი სეროზული გამოწვევაა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება რეაგირების მაჩვენებელი, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები მაინც არ იკლებს. საჭიროა პრევენცია.
სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გამოყოფას, ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას და მოძალადეებისთვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში სავალდებულოდ ჩართვას ითხოვს.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "საფარი" პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის როზეტა ყალიჩავას 3 მცირეწლოვანი შვილის სამშობლოში ჩამოყვანის პროცედურებზე მუშაობს. ბილეთები ქალმა თავად აიღო, ვიდრე ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. ითხოვდა შველასაც, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ უწყებებს ძალადობის რისკის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ქალაქ ლოძში სამი შვილის დედას ქმარმა სასიკვდილო ჭრილობა ყელში მიაყენა.
"საფარის" ოფისი ოპერატიულ შტაბს ჰგავს. იურისტები ყოველდღიურად იღებენ ზარებს და შეტყობინებებს ქალებისგან, რომლებიც სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი არიან. არის ასობით საქმე ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური ფორმის ძალადობის ფაქტებზე. ბევრმა მსხვერპლმა ხმის ამოღება გაბედა. ბევრი პრობლემაზე ხმამაღლა კვლავ ვერ საუბრობს. ამ ორ კატეგორიას სხვადასხვა ტიპის დახმარება სჭირდება.
თუ განრიდება ვერ ხერხდება, პრევენციის ერთადერთ საშუალებად პოლიციის შემაკავებელი ორდერი რჩება. როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე სახალხო დამცველის აპარატი პოზიტიურ ფაქტორად განიხილავს, რომ კანონმდებლობით შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცედურა გამარტივდა. გაიზარდა მიმართვიანობაც და გამოწერის მაჩვენებელიც, თუმცა მათი შეფასებით პრობლემად რჩება კონტროლი. სწორედ მეტი კონტროლისთვის იურისტებს და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ე.წ. ელექტრონული ზედამხედველობის ეფექტური გამოყენება.
სახელმწიფო სამსახურების კოორდინაციაში უფლებადამცველები განათლების ჯანდაცვისა და სამართალდამცავი სფეროების ერთობლივ რეაგირებას და მონაცემთა მიმოცვლას გულისხმობენ. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ამგვარ ინიციატივებს მხარი დაუჭირონ.
თავშესაფარი, ფულადი კომპენსაცია, ზედამხედველობა და მსხვერპლთა დარწმუნება, რომ პრობლემის წინაშე მარტო არ არიან - ეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის იდეალურ ფორმულად განიხილება, თუმცა ვიდრე პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვა მოხდება, წლიდან წლამდე მძიმე შედეგები არ იცვლება.
2020 წელს ქალთა მკვლელობის 24 და მკვლელობის მცდელობის 27 შემთხვევა იყო. 2021-ში 22 ქალი მოკლეს, 31-ის შემთხვევაში კი მკვლელობა სცადეს.