უკრაინა უკვე 103 დღეა ფართომასშტაბიან ომშია ჩართული რუსეთთან. აპრილის შემდეგ გუშინ პირველად დაიბომბა კიევი, რასაც პუტინის ახალი მუქარაც მოჰყვა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სევეროდონეცკზე რუსეთმა კონტროლი დაკარგა, ამიტომ, ბოლო საათებია, რუსული ჯარი მასირებულ იერიშზეა გადასული.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქალაქის ნახევარი დაიბრუნა, რუსეთმა ათჯერ გაზარდა სევეროდონეცკისა და ლისიჩანკის დაბომბვის ინტენსივობა. რუსები მიწასთან ასწორებენ ორივე ქალაქს. ორივე ახალი მარიუპოლი ხდება, სადაც შენობების 90% უკვე განადგურებულია.
სევეროდონეცკის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ნაწილი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია როგორც სევეროდონეცკიდან, ასევე ლისიჩანსკიდან შეუძლებელია.
დღის განმავლობაში მასშტაბური თავდასხმა მოხდა დონეცკზეც. დაიბომბა ქალაქის ცენტრი. დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ქალაქზე იერიში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. დონეცკში შესაძლო კონტრშეტევის დაწყებაზე ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინის დედაქალაქში ოკუპანტებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. რუსული "Kh-101" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით კიევზე განხორციელებული თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, უკრაინული ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო. ამას ადასტურებს ბრიტანული დაზვერვაც. თუმცა, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის გეგმამ არ გაამართლა, რადგან შენობებში სამხედრო ტექნიკა არ იყო.
ვლადიმირ პუტინი ღიად ამბობს, რომ იერიშს ყველა ობიექტზე მიიტანენ. ამის მიზეზად რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სარაკეტო სისტემების მიწოდებას ასახელებს. მოსკოვის ამ მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნის. თავდაპირველად ქვეყანას M-270-ის ტიპის მრავალჯერადი გაშვების სამი სარაკეტო სისტემა გადაეცემა. პარალელურად, უკრაინას სნაიპერულ შაშხანებსა და საბრძოლო მასალებს მისცემს შვედეთი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან უკრაინული მედია ვიდეოების გავრცელებას ახერხებს. მარიუპოლში მოსახლეობას წყლისა და საკვების მისაღებად კილომეტრიან რიგებში უწევთ დგომა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყლის დეფიციტი ახლა იქ კრიტიკულ დონეზეა. კიდევ უფრო დიდი საფრთხე ეპიდემიაა, რომელიც ქალაქში სავარაუდოდ უკვე დაიწყო.
ვითარება უმძიმესი რჩება უკრაინის სხვა რეგიონებშიც. ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ხარკოვის საცხოვრებელი უბნები. რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კურსკის ერთ-ერთი სოფელი, საჰაერო იერიში მიიტანეს ოდესასა და მიკოლაივზეც.