საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ალბანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სპორტსმენებმა 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
ისევ შთამბეჭდავი შედეგი დადო ლაშა ტალახაძემ - ძალოსანი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღე ქართული სპორტისთვის წარმატებული გამოდგა: ფეხბურთელების გამარჯვება ბულგარეთში, ძიუდოისტების გუნდური პირველი ადგილი თბილისის "გრანდ სლემზე", სარაგბო სანახაობა დინამო არენაზე და თავისთავად ძალოსნების შთამბეჭდავი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე.
"მეექვსედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. როგორც გვჩვევია, ახალი რეკორდებით ეს შეჯიბრი არ წარიმართა, მაგრამ არაუშავს, მომავალში გამოვასწორებ. ამ ეტაპზე, რაღაც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, მქონდა ტრავმები და მთავარი მიზანი იყო გამარჯვება. ასეც მოხდა, შევინარჩუნე ტიტული და სამომავლოდ შევეცდებით, რომ ახალი რეკორდებითაც დავაგვირგვინოთ ახალი შეჯიბრებები," - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის განმარტებით, უმნიშვნელოვანესი იმედგაცრუებების მიუხედავად, საერთო ჯამში, გუნდური მესამე ადგილი დავიკავეთ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი