27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი პოლიციის განყოფილებაში 2 საათზე მეტ ხანს იკითხებოდნენ - პოლიტიკოსების თქმით, მათ რუსთაველზე თავს დაესხნენ

ორ საათზე მეტხანს იკითხებოდნენ ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი პოლიციის განყოფილებაში - რესპუბლიკური პარტიის" წევრები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა, ორივე პირი პოლიციის მანქანით გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიტიკოსები მომხდარს პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას უწოდებენ.

ხათუნა სამნიძის თქმით, ქუჩაში, მას და დავით ბერძენიშვილს უცხო პირები გამოელაპარკნენ, ხოლო შემდეგ გამოავლინეს აგრესიული ტონი და აეკიდნენ მათ, მუქარით, რომ პოლიციის არ ეშინოდათ.

"გაგვაჩერა ორმა მოქალაქემ, ჩვეულებრივად, პოლიტიკურ თემაზე სასაუბროდ, რაც ხშირად ხდება, როცა მე და დავითი ფეხით დავდივართ და ხშირად დავდივართ ფეხით. გავჩერდით, დავიწყეთ ლაპარაკი და ლაპარაკი მალე გადაიზარდა აგრესიაში მათი მხრიდან. მე ვეცადე რომ დამემშვიდებინა, მეთქი გვეჩქარება, ბოდიში და ვცადე გავრიდებოდი, იმიტომ რომ შეიძლება არ მოსწონდე და ვეცადე რომ წავსულიყავით. აგვედევნენ, არ დაგვანებეს თავი, ეს გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, გინებაში, შემდეგ იყო გადაგეკიდები აწი და ნახე რა გელის ჩემგან - როცა პატრულს დავუძახე ასეთი მუქარებიც იყო, - პატრულის საერთოდ არ გვეშინია. როგორც ჩანს, ფიქრობენ რომ გაარიდებდა პატრული და დააბრუნებდა, მაგრამ მე კატეგორიულად მოვითხოვე ამ ადამიანების დასჯა," - აცხადებს სამნიძე.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი, გვარად ხომასურიძე, რომელსაც 2009 წლის 6 მაისს თვალი დაუზიანდა, აპელირებდა მაკო გომურთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ გადავიდა გინებაზე.

"ერთმა კაცმა მომმართა, მეორე გვერდით ედგა და მითხრეს, რომ "აი თქვენ რომ იცავთ (მაკო) გომურის უფლებებს, რატო ჩემი თვალი არ გახსოვთ. გავხედე - თვალი ჰქონდა დაზიანებული, მეთქი რა გვარი ბრძანდებით, ვერ გიცანით, მაპატიეთ და ხომასურიძე ვარო. მივხვდი რომ 6 მაისზე იყო ლაპარაკი, ანუ 2009 წლის 6 მაისს თვალი დაუზიანდა. მერე წავიდა პირდაპირი უშვერი სიტყვები," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღის ამბები