რეჟისორი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი საუკუნე თეატრს მიუძღვნა, 80-ზე მეტი დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო, რომელიც თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა, ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით "იდუმალი ვარიაციები" იყო, სადაც მისი შემოქმედებითი მეგობარი, გია ბურჯანაძე თამაშობს. მსახიობი იხსენებს, რომ მათი თეატრალური ცხოვრების 41 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი სპექტაკლი იყო.
რეჟისორის შემოქმედებას დიდი აღიარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ჰქონდა. გენუა, ვენეცია, ბორდო, მილანი, ნიუ- იორკი - ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც თემურ ჩხეიძის სპექტაკლებს კარგად იცნობენ, მათ შორისაა "ლედი მაკბეტი", "ანტიგონე", "მოთამაშე", "თარგმანები". ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სპექტაკლი "ჯაყოს ხიზნები" იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, პორნოგრაფიადაც კი მონათლეს. ქართული საბჭოთა კულტურის ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანს დაუპირისპირდა არა ცენზურა, არამედ თავად საზოგადოება.
თემურ ჩხეიძე, წლების განმავლობაში, არაერთ თეატრში მოღვაწეობდა. რეჟისორი საკუთარ სპექტაკლებს ზუგდიდის, მოზარდ- მაყურებლის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში დგამდა. ბოლო რამდენიმე წელი, მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან, მაყურებელს არაერთი შედევრი აჩუქა. უფროსი მეგობრის გარდაცვალებას, რეჟისორი ლევან წულაძე არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, უდიდეს დანაკარგად მიიჩნევს.
განსაკუთრებული ადამიანი სცენაზე და სცენის მიღმა, - ასე ახასიათებენ თემურ ჩხეიძეს კოლეგები. ხელოვნების ნიმუშს არა მხოლოდ მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს, არამედ სპექტაკლებისთვის მზადების პროცესსაც უწოდებენ.
მრავალწლიანი მოღვაწეობისა და უდიდესი ღვაწლისთვის, თემურ ჩხეიძეს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. რეჟისორი, რომელსაც მაყურებლის სიყვარული 22 წლის ასაკიდან აქვს მოპოვებული, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძემ მომავალ თაობას დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა.