27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
პანდემიით მიღებული ზარალი, გამოცდილება და მოლოდინი - აჭარა ტურისტების მოლოდინშია

აჭარაში, ყოველ წელს, უცხოელი ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. სანდრა რაგაუსა ერთ-ერთია მათგან, ვისაც ბათუმმა თავი ერთი ნახვით ისე შეაყვარა, რომ 5 წლის შემდეგ, ლატვიიდან ახლა უკვე დიდი ხნით ჩამოვიდა. სანდრა "კურიერს" უყვება, რომ ამჯერად, კიდევ უფრო მეტად არის აღფრთოვანებული და მეგობრებთან ერთად, ზემო აჭარის მონახულებასაც გეგმავს.

სანდრას მსგავსად, ბათუმით აღფრთოვანებულები არიან მისი მეგობრებიც. ყველაფერი მოსწონთ და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ ამ დრომდე, საქართველოში არ უმოგზაურიათ.

10 დღის განმავლობაში, როცა სანდრა და მისი მეგობრები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარას დაათვალიერებენ, მათი გიდი ლელა გაბელაია იქნება. იგი ამბობს, რომ ტურისტები ბათუმში მხოლოდ შავ ზღვაზე დასასვენებლად არ ჩამოსულან და მათ ძალიან მოსწონთ ქალაქის არქიტექტურა, ასევე სურთ მოგზაურობა მთებში და აჭარის დათვალიერება.

ბათუმში მოქმედი ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელების თქმით, წელს, აჭარაში ტურისტთა უკვე ძალიან დიდი რაოდენობაა ჩასული. ასევე, დაჯავშნილია თითქმის მთელი სეზონი, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. 

ტურისტული კომპანიების მსგავსად, საქართველოს საზღვაო კურორტზე, უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ რესტორნები და კაფე ბარები, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც.

ბათუმს, რომ წინ ცხელი ზაფხული ელოდება, ამაზე "რუსთავი 2-თან" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც საუბრობს.

თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ტურისტთა ნაკადის ზრდას, ხელი ახალი ავია-რეისების დამატებამ შეუწყო, რაც ტურისტებისთვის მეტ კომფორტს გულისხმობს. ასევე, მთელი რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ახალი სერვისი დაემატა, რომლითაც აჭარაში ჩასულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ბათუმის ბულვარი, კაფეები, რესტორნები, სასტუმროები ტურისტების მოლოდინშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუ დამსვენებელთა რიცხვის ზრდა ამ ტემპით გააგრძელდება, რეგიონის ტურიზმი კოვიდპანდემიამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდება და ტურისტთა რიცხვი, 2019 წლის მონაცემებსაც გადააჭარბებს.

დღის ამბები