27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
დაბომბილი კიევი, დონეცკი და ჰუმანიტარული დახმარების საწყობი - ომის 102 - ე დღე უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 102 დღის შემდეგ, ომის სცენარი არ იცვლება. საოკუპაციო ჯარი კვლავ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში -  რასაც ვერ წვდება ქვეითები და არტილერია, მას სარაკეტო დარტყმებით ანადგურებენ.

სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების გარდა, ხშირად სამიზნე სამოქალაქო ობიექტები, დასახლებული პუნქტები, სკოლები, ბაღები და ეკლესიები ხდება. რუსული სტრატეგია მოიცავს ე.წ. გამოფიტვის მცდელობასაც. სწორედ ამიტომ, სასურსათო საწყობები და ჰუმანიტარული პუნქტები იბომბება.

ამ ყველაფრის ფონზე, პუტინი უფრო მეტი სამიზნის განადგურებით იმუქრება. მან დღეს განაცხადა, რომ თუ დასავლეთი უკრაინის იარაღით, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემებით მომარაგებას არ შეწყვეტს, რუსეთსაც აქვს საკმარისი იარაღი და უფრო მეტ იერიშს განახორციელებს. როდის დასრულდება ომი, ამ კითხვაზე ზელენსკის მოკლე პასუხი აქვს - როდესაც ამას პუტინი გადაწყვეტს.

ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბეს. კიევის მიმართულებით, კასპიის ზღვიდან 4 რაკეტა ისროლეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ტუ - 95 ტიპის რაკეტებზე. იერიში დარნიცის და დნეპროვსკის საცხოვრებელ უბნებზე მიიტანეს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, შეტევის შედეგად დაღუპულები არ არიან. ეს აპრილის შემდეგ, კიევზე განხორციელებული პირველი სარაკეტო თავდასხმაა.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკზე,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 20, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ნანგრევებად არის ქცეული სკოლა და საბავშვო ბაღი.

შეტევა იყო დონეცკის ოლქის სხვა წერტილებზეც -  დაიბომბა ქალაქი დრუჟოვკა, დაიღუპა 1 მშვიდობიანი, განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სევეროდონეცკში. ბრძოლა მიმდინარეობს ფაქტობრივად თითოეული ქუჩის დასაცავად. ქალაქის უდიდეს ნაწილს, ამ დროისთვის, საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები არ ნებდებიან.

გენშტაბის ინფორმაციით, მობილიზებულია თითქმის 200 ერთეული ჯავშანტექნიკა და რამდენიმე ათასი ჯარისკაცი,  თუმცა ამ კონცენტრაციის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროების თავდაცვითი პოზიციების გარღვევა, ამ დრომდე არ მომხდარა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა იერიში ასევე ნიკოლაევის ოლქზეც მიიტანა. რაკეტების სამიზნე სურსათის ორი საწყობი გახდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ლისიჩნსკში ოკუპანტებმა სურსათის და ჰუმანიტარული დახმარების საწყობი ააფეთქეს. საჰაერო განგაშის დროს, შენობას თავს 40 - მდე ადამიანი აფარებდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები